დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთის გია აბდალაძის დვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ჩინჩალაძის თქმით, მან აბდალაძესთან შეხვედრა „მოდულის" შენობაში შეძლო. ჩინჩალაძის მტკიცებით, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მათ სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობათ.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.
საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.
დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.