საქართველოს ცხრა მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდების მიხევით განსასჯელები რუსეთის ფედერაციას საქართველოს შეიარაღებული ძალბის, სამხედრო ავიაციის, შეიარაღებისა და ქვეყანაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.
ედუარდ აბდულაევს, არმენ გევორქიანს, რუბენ ჩიკოიანს, ტარიელ აბაშიძეს, გელა კაკაბაძეს, გოჩა დიასამიძესა და დავით მესხიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქართველოს წინააღმდეგ უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლისა და საქმიანობის ბრალდებით რუსლან გალოგრესა და იური სკრილნიკოვს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
"სისხლის სამართლის საქმე ცხრა პირის მიმართ განხილულ იქნა დახურულ სასამართლოს სხდომაზე. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსასჯელები გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში გადაბირებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ და აგენტურულ კავშირზე იმყოფებოდნენ მათთან", _ ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.