დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ბრალი სს კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ. ამის შესახებ დაკავებულების ახლობლები აცხადებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ 5 ფოტორეპორტიორი დღეს, გვიან ღამით დააკავეს. დაკავებულები არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გი აბდალაძე, „ასოშიეიტიდ პრესის" ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი, „ევროპის პრესფოტო სააგენტოს" ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე.