დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ყოფილი ექიმის გიორგი სეხნიაშვილის ადვოკატი მემუსი ქობულია, უარყოფს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალების საქმეში.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გიორგი სეხნიაშვილის პროცესი დღეს გაიმართა. ექიმს ბრალი ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებაში ედება.
პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა მემუსი ქობულიამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, რადგან საავადმყოფოში „ანტიგიურზინი" არ ჰქონდათ და მისი ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვა საავადმყოფოს ხელმძღვანელების პრეროგატივა იყო.
„არ ვეთანხმები ბრალდებას გიორგი სეხნიაშვილის მიმართ, რადგან მტკიცებულებებით არ დასტურდება. რასაც გიორგი სეხნიაშვილს ედავებიან, ეს იყო დედოფლისწყაროს სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელების მოვალეობა, მისი დირექტორის და მოადგილეების უშუალო მოვალეობა. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ექიმი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საშუალებებით", - განაცხადა ადვოკატმა.
3 წლის ამილ გასანოვი დედოფლისწყაროს რაიონში, საქონლის ფერმაში გველმა დაკბინა. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მოზარდი გზაში გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის ვანო ნატროშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რომ მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს. საპირისპიროს ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ბავშვს „ანტიგიურზინი" რომ არ გაუკეთეს, ამას დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ვანო ნატროშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, რაიონში „ანტიგიურზინი" საერთოდ არ იშოვებოდა. ბავშვის გარდაცვალების ფაქტს 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა იმ ექიმების სამაგალითო დასჯა მოითხოვა, რომელთა მიზეზითაც, მისი თქმით, ბავშვი გარდაიცვალა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ექიმს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის განხილვა სასამართლოში 15 ივლისს გაგრძელდება.