საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე საკაბელო ოპერატორ „ჯი.ენ.ენ-ს" სანქცია დააკისრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიამ საკაბელო ოპერატორს ჯარიმის სახით 9 029 ლარის და 36 თეთრის გადახდა დააკისრა.
კომპანია საკუთარი საკაბელო ქსელით ყოველგვარი უფლების გარეშე ტელეარხ „ფუტბოლზე" არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის არამართლზომიერ რეტრანსლირებას ახორციელებდა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაარკვია, რომ ზემოთ ხსენებული ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიური უფლება კომპანია „GMG-ს" აქვს მოპოვებული და შესაბამისი ხელშეკრულებაც წარმოდგენილია კომისიაში. მართალია, კომპანია „ჯი.ენ.ენ-საც" ტელეარხ „ფუტბოლის" გადაცემის ნებართვა მოპოვებული ჰქონდა და კომისიაშიც წარმოდგენილი, თუმცა ოპერატორი ვალდებული იყო დაეცვა საავტორო და მომიჯნავე უფლებები და არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი არ გაეშვა საკუთარ საკაბელო ქსელში.
სხდომაზე, საკუთარი პოზიცია საკაბელო ოპერატორის „ჯი.ენ.ენ-ს" წარმომადგენელმა, ასევე კომპანია „GMG-ს" იურისტმაც დააფიქსირა.