შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა თელავში ვალუტის გადამცვლელები დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია 7 ადამიანი.
„ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეთ იდგნენ და ვალუტას ცვლიდნენ. ზოგი დიდი ხანია აქ ვაჭრობდა, რამდენიმე ახალი მოსული იყო. პოლიციამ აქვე აიყვანა. ასე თქვეს, ლიცენზიის არქონის გამო დააპატიმრესო,"- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველმა.
„როგორც გავიგე სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ. ვალუტის გადაცვლისთვის ჯიხური უნდა ჰქონოდათ, სადაც კამერა იქნებოდა და ისე უნდა ემუშავათ. ამბობენ, რომ ულიცენზიოდ ვაჭრობდნენ და ამიტომ დააკავეს", - აღნიშნა ტელეფონების ჯიხურში მომუშავე თანამშრომელმა.
ვალუტის გადამცვლელების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.
ამ დროისთვის, თელავში სულ 2 ლიცენზირებული ვალუტის გადამცვლელი ჯიხურია, აგრალული ბაზრის შესასვლელთან და სავაჭრო ცენტრ „ლიმბოში". ბაზართან მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების თანამშრომლების თქმით, ჯიხურში კამერების დამონტაჟება სექტემბრამდე სავალდებულო არ არის.