დღეს, 12:00 საათზე, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმის გიორგი სეხნიაშვილის პროცესი გაიმართება, რომელსაც ბრალი 3 წლის ამილ გასანოვის განსაცდელში მიტოვებაში ედება, რამაც ბავშვის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ სიღნაღის პროკურატურამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი 2 ივნისს დააკავა. ექიმს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
3 წლის ამილ გასანოვი დედოფლისწყაროს რაიონში, საქონლის ფერმაში გველმა დაკბინა. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მოზარდი გზაში გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის ვანო ნატროშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რომ მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს. საპირისპიროს ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ბავშვს „ანტიგიურზინი" რომ არ გაუკეთეს, ამას დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ვანო ნატროშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, რაიონში „ანტიგიურზინი" საერთოდ არ იშოვებოდა. ბავშვის გარდაცვალების ფაქტს 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა იმ ექიმების სამაგალითო დასჯა მოითხოვა, რომელთა მიზეზითაც, მისი თქმით, ბავშვი გარდაიცვალა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ექიმს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.