სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ რამდენიმე საპყრობილის ლიკვიდაციის შესახებ მისი რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ტუღუშმა დღეს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" წამების წინააღმდეგ გამართულ რიგით მე-7 კონფერენციაზე განაცხადა, ზუგდიდის # მე-4, ბათუმის # მე-3, თბილისის # 1-ელი საპყრობილეები, ასევე , ხონის # მე-13 ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება და ქსნის # მე-15 კოლონიის ე.წ ძველი ზონა სახალხო დამცველის არაერთგზის რეკომენდაციის მიუხედავად, ფუნქციონირებას განაგრძობს.
"სასჯელაღსრულების დაწებულების ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ იქ არსებული საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობები კატასტროფულია. მე არაერთხელ მივმართე რეკომენდაციით სამინისტროს მომხდარიყო ზუგდიდის # მე-4, ბათუმის # მე-3, თბილისის #1-ელი საპყრობილეების, ასევე , ხონის # მე-13 ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებისა და ქსნის # მე-15 კოლონიის ე.წ ძველი ზონის ლიკვიდაცია, თუმცა ის გათვალისწინებული ამ დრომდე არ არის", - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებულია, რომ იქ პატიმრების განთავსება არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს.
„იქ არ არის იზოლირებული საპირფარეშოები, შეიმჩნევა ანტისანიტარია, მღრნელები და ტარაკნები. დახურული ტიპის დაწესებულებეში არ გვხვდება განათება და ვენტილაცია", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.