თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილებში დამლაგებლის თანამდებობის გაუქმების შესახებ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ეს სისულელეა. არავინ გაგვითავისუფლებია. გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილს არავინ ეკითხება, ჩვენს სტრუქტურებში რას გადავაწყობთ", - განუცხადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ასოციაციის „სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში დამლაგებლების თანამდებობა უქმდება, დასუფთავებაზე პასუხისმგებლობა კი სამხედრო მოსამსახურეებზე გადადის. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" თავად სესიაშვილმა აცნობა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რის თაობაზედაც მას სამხედროებმა მიაწოდეს ინფორმაცია. ასოციაციის ხელმძღვანელის აზრით, ეს ერთი შეხედვით, ნაკლებად საყურადღებო გადაწყვეტილება, სერიოზულ კონფლიქტებს გამოიწვევს, როგორც თავად ჯარისკაცებს შორის, ასევე მათ მეთაურებთან ურთიერთობისას.
„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სწორედ ასეთი შავი სამუშაოს შესრულებისთვის ჯარში ადგილი ჰქონდა ე.წ. "დედოვშჩინას", რომლის დროსაც ე.წ. უფროსები ჩაგრავდნენ უმცროსებს და ავალდებულებდნენ მათ ნაცვლად შავი სამუშაოს შესრულებას. ამის გამო ადგილი ჰქონდა ჩხუბებს, ცემას, შეურცხყოფას, დამცირებას და მათ შორის არაადამიანურ მოპყრობას. ჯარისკაცების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების გამო, ისინი ღიად გამოთქვავენ თავიანთ პროტესტს, რის გამოც მათზე ხორციელდება ზეწოლა, როგორც მეთაურების, ასევე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და როგორც ისინი აცხადებენ, მეთაურები მათ პასუხეს სცემენ და ეუბნებიან, რომ "ვინც ტუალეტს არ გახეხავს, შეუძლია პატაკი დაწეროს და სამხედრო სამსახურიდან წავიდეს", - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი, რომლის შეფასებითაც, გადაწყვეტილების მოტივაცია გაუგებარია.