დღეს, 30 ივნისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სტუდენტებისათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომელთაც სამუშაო პრაქტიკა პროკურატურის ორგანოებში გაიარეს.
დავით საყვარელიძემ მომავალ იურისტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და პროფესიული წინსვლა უსურვა.
„საქართველოს პროკურატურის HHHR-პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტი მაღალფროფესიონალური, ღრმა თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრებია", _ განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ. ამიტომ, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს პროკურატურაში წარმატებით ხორციელდება სტაჟირების სისტემა, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. წელს კი პირველად დავნერგეთ სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი. ვფიქრობ, პროექტი წარმატებული გამოდგა და საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტებს ამის შესაძლებლობა მომავალშიც მიეცემათ".
სამთვიანი პრაქტიკა მთავარ პროკურატურაში კონკურსის წესით შერჩეულმა 25-მა სტუდენტმა გაიარა. თეორიული მომზადების კურსის გარდა, სტუდენტებმა ტრეინინგები გაიარეს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა სამართლებრივი წერა, ადამიანის უფლებები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი და სხვა. სწავლების თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ კი, ისინი სამუშაოდ პროკურორებთან გადანაწილდნენ და ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს.
აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭათ.