თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა წარსულში ნასამართლევი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შესახებ დღეს განიხილა.
"ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მსჯავრდებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთანავე სხვა ბრალდების საქმეზე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მას ბრალად ედება ძალადობრივი ხასიათის განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მან საქარველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რის გამოც არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საშიშროება", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.