ფიროსმანის „შავ ლომთან" დაკავშირებული საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო იწყებს. უკვე არსებობს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყარამან ქუთათილაძის დაცვის მხარის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. საუბარია იმ მინდობილობის ბათილად ცნობაზე, რომელიც ქუთათელაძისა და ეფიმოვს შორის არის გაფორმებული. თბილისის სასამართლოში პროცესის დაწყების პარალელურად, მეორე სარჩელის განხილვა დაიწყება მოსკოვის სასამართლოშიც. ამ სარჩელის მიხედვით, ყარამან ქუთათელაძის დაცვის მხარე „შავი ლომის" დაბრუნებას საქართველოში ითხოვს. მოსკოვში ქუთათელაძის ინტერესებს რუსი ადვოკატები დაიცავენ.
„სასამართლოს საქმის წარმოებაში მისაღებად დიდი ხანი დასჭირდა, რაც ადასტურებს იმას რომ საქმე არის მაღალი კატეგორიის სირთულის. ეს ნიშნავს, იმას რომ ძალიან მალე იქნება სასამართლო პროცესი. მეორე მხარეს უნდა გადაეგზავნოს სარჩელი თანდართული მასალებით. მან უნდა დაწეროს თავის პასუხი. სასამართლო პროცესი უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე აუცილებლად ჩატარდება" - განაცხადა ყარამან ქუთათელაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მხატვრის საგამოფენო დარბაზში 1990-იან წლებში საქართველოდან გატაცებული ნიკო ფიროსმანის ტილო "შავი ლომი" 2 თვის წინ აღმოჩნდა.
შედევრი სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის აპოლონ ქუთათელაძის საკუთრება გახლდათ და მისი ვაჟის ყარამან ქუთათელაძის სახელოსნოში ინახებოდა.
ქუთათელაძეების ოჯახის თქმით, ტილო მათ ყაჩაღური გზით წაართვეს. 21 წლის შემდეგ კი "შავი ლომი" რუსეთში გამოიფინა.
ნამუშევრის რუსეთში მოხვედრის შესახებ ვერსიები საკმაოდ ბევრია. ქართველი სპეციალისტები ეჭვობენ, რომ 90-იან წლებში მოპარული ტილო საზღვარზე გაიტანეს და რუსეთში კერძო კოლექციონერს მიყიდეს. ამის შემდეგ კი ნამუშევარმა დღის სინათლე მოსკოვის საგამოფენო ცენტრში გამოფენისას ნახა.
შეგახსენებთ, ნიკო ფიროსმანის ეს ნამუშევარი ყველაზე ძვირადღირებულია. ფიროსმანის ნამუშევარი 1906 წელსაა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ "შავ ლომზე" საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.