„სახალხო კრება" შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. კრების მტკიცებით, შსს-მ დაარღვია კანონი და უპასუხოდ დატოვა ბიწაძის ადვოკატ ლევან სამუშიას მოთხოვნა, გადაეცათ მათ ხელთ არსებული ოპერატიული მასალის სრული ჩანაწერი, ასევე იმ დოკუმენტების ასლები,რომლებიც ამ ჩანაწერის კანონიერებას ადასტურებს.
„2011 წლის 27 მაისს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" ეთერით, "კურიერის" 12:00-საათიან გამოშვებაში შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეოჩანაწერის სახით მოპოვებული იქნა მტკიცებულება, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა, რომ 2011 წლის 21-25 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან განიხილებოდა ძალადობრივი გზების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამავე ჩანაწერში სუბტიტრების სახით მითითებული იყო, რომ შეხვედრის ერთი მონაწილე იყო ბატონი ბადრი ბიწაძე. ჩანაწერის თანახმად, შეხვედრა გაიმართა რესტორან "ზღაპარში". მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად სწორედ ეს ვიდეომასალა გახდა ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მთავარი საფუძველი, ეს ვიდეომასალა ბიწაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკცებულებად არ არის დართული,რაც კანონის ენაზე ნიშნავს იმას, რომ გამოძიება არ მიიჩნევს მას როგორც მტკიცებულებას. შსს-მ დაარღვია კანონი და უპასუხოდ დატოვა ბიწაძის ადვოკატ სამუშიას მოთხოვნა, გადმოეცათ მათ ხელთ არსებულიოპერატიული მასალის სრული ჩანაწერი, ასევე იმ დოკუმენტების ასლები,რომლებიც ამ ჩანაწერის კანონიერებას ადასტურებს. სამუშიამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რათა გამოეტანათ შესაბამისი განჩინება და გამოეთხოვათ შსს-იდან ზემოთ ხსენებული ჩანაწერი თანდართული მასალებით და გადაეცათ დაცვის მხარისათვის. ამას სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მკაცრად ავალდებულებს.სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ განიხილა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსამართლის მაგიერ მოსამართლის თანაშემწემ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო", - აღნიშნულია „სახალხო კრების" განცხადებაში.
კრება მიიჩნევს, რომ ამ ერთი ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურით ხელისუფლებამ კანონდარღვევათა მთელი სერია ჩაიდინა.
„უარით კი სააკაშვილის ჯიბის სასამართლომ და სამართალდამცავებმა პირდაპირ აღიარეს რომ შსს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები გაყალბებული და დამონტაჟებულია და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, "სახალხო კრების" და მისი წევრების, ამ კონკრეტულს შემთხვევაში კი ნინო ბურჯანაძის ბადრი ბიწაძის და მათი ოჯახის წევრების დისკრედიტაციას. საინტერესოა რა რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტთან დაკავშირებით რეჟიმის მიერ კონტროლირებადი მედია, რომელიც შსს-ის მიერ გავრცელებული ფაბრიკაციების ტირაჟირების გარდა, დღემდე მტკიცებით ფორმაში საუბრობს "სახალხო კრების", მისი წევრებისა და ბადრი ბიწაძის მიერ ვითომდა ჩაფიქრებულ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაზე და უტყუარ მტკიცებულებებზე. ვაცხადებთ, რომ ისევე როგორც სხვა ფაქტები, ეს გაუგონარი ეპიზოდიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას სიმართლის და გაუყალბებელი ფაქტების. ყოველივე ეს ნამდვილად გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგანი", - აღნიშნულია განცხადებაში.