შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული თემურ საინიშვილი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, 2011 წლის 21 თებერვალს, საინიშვილმა ქობულეთში, საკუთარ ბინაში, კაშნით დაახრჩო მეზობელი ლიდია გრიგოროვა, შემდეგ კი მასგ მარცხენა ხელის თითი, რომელზეც საქორწინო ბეჭედი ეკეთა, მოაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა თითის ანაბეჭდები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობის დადგენა.
მკვლელობისთვის ბრალდებულ თემურ საინიშვილს დანაშაულის ჩადენისას თან ახლდა გოჩა გოლომანიძე, რომელიც ასევე დაკავებულ იქნა აჭარის პოლიციის თანამშრომლების მიერ.
გოჩა გოლომანიძეს ბრალად ედება დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით.