არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფი ქვეყნის მთავარი პროკურორისგან მოითხოვს, გონივრულ ვადაში მოხდეს 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებისა და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოძიება.
20 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
"მოვითხოვთ, ზემოაღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს ეფექტურად, მიუკერძოებლად და სრულად, რათა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების პრინციპებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავე პირთა გამოვლენა და მათი სათანადო დასჯა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიული ჯგუფის განცხადებაში.
"ადამიანის უფლებთა ცენტრი" მურთაზ ზოდელავას სთხოვს ინფორმაციის მიწოდებას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.