არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" და "კავკასიის ქალთა ქსელი" განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის მთავარი პროკურორისგან მოითხოვენ, გონივრულ ვადაში მოხდეს 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებისა და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოძიება.
"20 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ "ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება". მოვითხოვთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს ეფექტურად, მიუკერძოებლად და სრულად, რათა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების პრინციპებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავე პირთა გამოვლენა და მათი სათანადო დასჯა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
"ადამიანის უფლებთა პრიორიტეტი" და "კავკასიის ქალთა ქსელი" ზოდელავას სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.