"ქრისტიან-დემოკრატები" სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე და 59-ე მუხლებში ცვილებებისა და დამატებების შეტანას ითხოვენ, რაც ადრე მოქმედი სასჯელის შთანთქმის პრინციპის აღდგენას გულისხმობს.
ამის შესახებ დღეს ქდმ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა განაცხადეს. კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ ბაკურიძის თქმით, არ შეიძლება მოსამართლე თავად ვერ იღებდეს გადაწყვეტილებას - ვის შეუფარდოს მსუბუქი სასჯელი და ვის - არა და მთლიანად დამოკიდებული იყოს პროკურატურაზე.
"საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს ერთადერთი პირობა იმისათვის, რომ მოსამართლემ გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი გამოიყენოს. მას შემდეგ, რაც გაუქმდა სასჯელის სრული და ნაწილობრივი შთანთქმის პრინციპი და დარჩა მხოლოდ შეკრების პრინციპი, გაორმაგდა და გასამმაგდა სასჯელის ვადები. არის შემთხვევები, როცა არცთუ ისეთ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით სასჯელი 30 წლამდეც ადის," - განაცხადა ბაკურიძემ.
ქდმ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სისხლის სამართლისა და სასჯელთა შეკრების მკაცრმა პოლიტიკამ გაზარდა შეუსაბამო, არასამართლიანი სასჯელების რიცხვი, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს, როგორც მსჯავრდებულებს, ისე სასამართლო გამოძიებასაც.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის მოთხოვნა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.