სურსათის მწარმოებელ საწარმოს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დასჯადი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები უკვე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმიანობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, "ვეტერინარიის შესახებ" კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლია იურიდიული პირის - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.