ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდივიდუალური მეწარმე ზაზა ჯაფოშვილი, მისი პარტნიორი მიხეილ ტეფნაძე, შპს „ჯი-არტის" დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ებრალიძე, ასევე კომპანიის სპაციალისტი გიორგი მაისურაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეებს დაუმზადეს და გადასცეს ათეულ ათასობით ლარის სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ზ. ჯაფოშვილმა და მ. ტეფნაძემ უსაქონლო ოპერაციის ჩატარებასა და ყალბი დოკუმენტის დამზადებაში 11 700 ლარი აიღეს, შპს „ჯი-არტის" წარმომადგენლებმა - გ.ებრალიძემ და გ.მაისურაძემ კი ანალოგიური საქმიანობა 5 000 ლარის სანაცვლოდ განახორციელეს.
სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული უშუალოდ ფაქტზე დააკავეს. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.