იტალიაში, ავგუსტას პორტში დატყვევებული ორი ქართველი მეზღვაურის ბედი დღეს გახდება ცნობილი. სასამართლო პროცესი თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება. სულ სამი მოქალაქე იყო დატყვევებული. იტალიაში საქართველოს საკონსულოს დახმარებით დატყვევებულებიდან ერთ-ერთი, არჩილ ევგენიძე საქართველოში დაბრუნდება. ევგენიძეს სამგზავრო ფული ოჯახმა გამოუგზავნა.
ხუთი თვეა თურქული გემი იტალიის ნაპირებთან, აუგუსტას პორტში, დგას. ტვირთმზიდის 8-წევრიანი ეკიპაჟიდან, სამი ქართველია. მთელი ამ დროის განმავლობაში, მეზღვაურებს ხელფასი არ მიუღიათ.
მეპატრონე უარს ამბობს ტვირთზეც. 1500 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად გამოიყენება, კასაბლანკაში უნდა ჩაეტანათ. საშიში ნივთიერებით დატვირთული გემი კი ჯერ-ჯერობით იტალიას ვერ ტოვებს. საკვებს მეზღვაურებს საერთაშორისო ორგანიზაცია აწვდის.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი, იტალიის სამხრეთში ვალების გამო დააპატიმრეს. ტვირთმზიდ "დილა ესის" მფლობელს ევროპის რამდენიმე ქვეყნის პორტში საწვავის თანხა აქვს დასაფარი. ამას ემატება ეკიპაჟის სახელფასო დავალიანება, რის გამოც თურქულ გადამზიდავ კომპანიას მეზღვაურთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაცრი სანქციები დაუწესა.
ტვირთმზიდი "დილა ესის" გემბანზე 5 თურქი და 3 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ თებერვლის შემდეგ ისინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. გემზე რამდენიმე თვეა აღარ არის წყალი და სჭმელი, გათავდა საწვავიც. გემთმფლობელმა კი დაქირავებულების მიმართ ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა.
მეზღვაურების მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. ქიმიური ნივთიერება ამონიუმის ნიტრატი საკმაოდ მალე ორთქლდება, განსაკუთრებით ტემპერატურის მატებისას. მისი ხშირი შესუნთქვა კი მეზღვაურების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს.
ბომბების დასამზადებელი ნივთიერება "დილა ესისი" ეკიპაჟის წევრებს კასაბლანკაში უნდა ჩაეტანათ. გემი საშიში ნიტრატით ეგვიპტეში დატვირთეს. ქართველმა მეზღვაურებმა ტვირთის მფლობელის ვინაობა არ იციან