"ქართული პარტიის" დაკავებულ წევრებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აუდიო და ვიდეო მასალებს აქვეყნებს.
სკანდალურ მასალებში პარტიის დაკავებული წევრები იმ გეგმების შესახებ ყვებიან, რომელიც მათი მტკიცებით, მაისის ბოლოს „ქართულ პარტიას" ხელისუფლების შეცვლის მიზნით უნდა განეხორციელებინა. დაკავებულები აღიარებით ჩევენებაში იმ სქემაზეც საუბრობენ, რომლის მიხედვითაც "ქართული პარტიის" საფრანგეთში მცხოვრები ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას აპირებდა.
დაკავებულ გიორგი საბაშვილის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ოქრუაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას 200-მდე რუსი სპეცრაზმელის თანხლებით გეგმავდა, საზღვარზე კი მას სპეციალურად შექმნილი 20-მდე ქართული შეიარაღებული ფორმირება უნდა დახვედროდა.
„ირაკლი ოქრუაშვილი ადმინისტრაციულ საზღვარზე შემოსვლას აპირებდა დაახლოებით 200-მდე რუსი სეცრაზმელის თანხმლებით, სადაც მას დახვდებოდა 20-მდე შიარაღებული ქართული ჯგუფი, რის მერეც უნდა განეხორციელებინათ საგუშაგოების განიარაღება. ერთ-ერთ საგუშაგოზე, შევიდოდა თითქოსდა ცარიელი „ზილის" მარკის ავტომანქანა, რომელშიც სინამდვილეში ოქრუაშვილი და შეიარაღებული ფორმირების წევრები ისხდებოდნენ და მოხდებოდა საგუშაგოს განიარაღება", - აცხადებს გიორგი საბაშვილი აღიარებით ჩვენებაში.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, საგუშაგოების განიარაღების შემდეგ დაგეგმილი იყო თავდასხმა გორში მდებარე სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობასა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაზე.
გარდა ამისა, საბაშვილი აღიარებით ჩვენებაში ყვება, რომ ორგანიზებული ჯგუფის რამდენიმე წევრს ოქრუაშვილი ვლადიკავკაზში შეხვდა, სადაც მათ ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებული ქართული საგუშაგოების კოორდინატების გაგება დაავალა, რა ინფორმაციაც ოქრუაშვილმა ცოტა ხანში მიიღო.
შსს-ის ინფორმაციით, „ქართული პარტიის" დაკავებულ წევრებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას ითვალისწინებს.