რესპოდენტის შესახებ
"მე საერთოდ იმ ადამინების რიცხვს არ ვეკუთვნი, რომლებიც ადვილად და ბოროტად იყენებს სიტყვას _ ქვეყნის ღალატი და სახელმწიფო ღალატი. მე ნამდვილად არ მიყვარს ამ სიტყვების გამოყენება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამ ეპითეტს თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა აქვს, არა ბოროტად გამოყენებისთვის, არამედ სწორედ თავდაპირველი მნიშვნელობით და აი ეს სწორედ ის შემთხვევაა", _ აცხადებს თამარ ჩხეიძე.
_ ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება საინტერესო პროცესის დასაწყისი და მისი აზრით, საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ეს "ჩიხში შესული" პროცესი ადგილიდან დაიძვრება.
_ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებით საქართველოს დაშლის იურიდიული გაფორმების პროცესი დაიძვრება. მთავარი უბედურება რაც დღეს შეიძლება წარმვიდგინოთ, რომ საქართველოს დაატყდეს თავს ეს არის სწორედ საქართველოს მიერ აღიარება ამ ტერიტორიებისა.
იმიტომ, რომ რუსეთი ამას უკვე ვერ ახერხებს. ახლახანს ვნახეთ, რომ რაღაც კუნძული იყო, ორკაციანი სახელმწიფო და იმანაც კი არ აღიარა აფხაზეთი. ამ მხრივ რუსეთი ჩიხშია შესული და ყველაზე კარგი გამოსავალი არის ის, რომ თავად ქართველებს აღიარებინონ აფხაზეთი.
მსოფლიოს რომ ეღიარებინა აფხაზეთი და ადვილად წასულიყო ეს პროცესი მაშინ, რა თქმა უნდა, მას არ დასჭირდებოდა არეშიძისნაირების დახმარება, მაგრამ ეხლა როდესაც ამ პროცესში ასე ძალიან უჭირს რუსეთს, მისთვის პირდაპირ ზედგამოჭრილია ის, რომ თვითონ საქართველოს აღიარებინოს აფხაზეთი.
საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში მსოფლიო ავტომატურად ფაქტის წინაშე აღმოჩნდება. თუ ჩვენ ვაღიარებთ ცხადია ავტომატიურად ყველა აღიარებს. ამიტომ ისეთ ტიპებს როგორიც არის არეშიძე, მე არასოდეს ასეთ რამეს ადამიანებზე არ ვამბობ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით რომ დავალებული აქვს სახელმწიფო ღალატი და ამისათვის ნიადაგის მომზადება.
საქართველოსთვის იმაზე უარესი არაფერი არ შეიძლება მოხდეს, გარდა იმისა, რომ გაფორმდეს იურიდიულად ის რაც რეალურად დღეს არის. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ხელსაყრელი საერთაშორისო პირობები შეიქმნება, ამის პარალელურად რა თქმა უნდა მუშაობაც უნდა, მაგრამ დადგება დრო როდესაც სწორედ ეს საერთაშორისო ვითარება შეიცვლება რუსეთის მხრიდანაც, რუსეთის მდგომარეობიდან გამომდინარეც, როდესაც საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს.
ხოლო ერთადერთი საფრთხე, რომ ეს ასე არ მოხდეს, არის ის, თუ თავად ჩვენს მიერ არ იქნება ჩადენილი ეს საშინელი ღალატი და ჩვენვე არ გამოვუთხრით ყველაფერ ამას ძირს.
მეტი უარესი ჩვენ არ შეიძლება მოგვივიდეს, რომც წარმოვიდგინოთ ხელახალი შემოჭრა რუსეთისა ესეც კი არ შეიძლება იყოს ამაზე დიდი უბედურება, რასაც არეშიძე გვთავაზობს. პირდაპირ ვაცხადებ ეს არის სახელმწიფო ღალატი, ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით. ამ ეპითეტის წამდაუწუმ გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ არის ერთადერთი შემთხვევა როცა შეიძლება ამის გამოყენება და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
სწორედ ამას შეეხო არეშიძე და ის ამას ვერანაირად ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანს ასეთი აზრი თავისით დაებადოს. ეს არის პირდაპირი შესრულება რუსეთის დავალებისა. იმიტომ რომ რუსეთი ვერ ახერხებს ამ პროცესის ჩატარებას საერთაშორისო მასშტაბით და ცდილობს რომ ქართველების მხრიდან მოხდეს აფხაზეთის აღიარება.
_ მამუკა არეშიძის ინიციატივაში საუბარია იმაზე, რომ აღიარების სანაცვლოდ რუსული სამხედრო ჯარები გავლენ და დევნილების დაბრუნება მოხდება. ფართო მასებმა შესაძლოა ამაში ვერავითარი საფრთხე ვერ დაინახონ და მისაღებად მიიჩნიონ..
_ ჯარის გაყვანა და დევნილების დაბრუნება ეს არის აბსულუტური ბლეფი. ჯარი რომც გავიდეს მათთვის ეხლა მთავარია საქართველოს აღიარებინონ ეს ტერიტორია და მერე უკვე, ჯარი რა უკან ვეღარ შემოვა? რამდენიმე კილომეტრზე ვეღარ დაბრუნდება? თუ საბაბს ვერ იპოვის შემოსასვლელად?
ეს ისეთი სასაცილო და ისეთი ბლეფია, რომ გათვლილია მოსახლეობის ფართო მასებზე, რომლებმაც შესაძლოა ამაში საფრთხე ვერ დაინახონ. მოსახლეობა ამდენი წლის მანძილზე შეაჩვიეს ამ მდგომარეობას და ცდილობენ მიიყვანონ იმ აზრამდე, რომ მაინც დაკარგულია და იქნებ ასე მაინც დავიბრუნოთო.
ამის გაკეთება თავის დროზე ვერ გაბედა ვერც ზვიად გამსახურდიამ და ვერც ედუარდ შევარდნაძემ. ორივეს ჰქონდა ეს შეთავაზებები და არა იმიტომ რომ არ იკისრებდნენ ან ერთი ან მეორე, უბრალოდ ვერ გაბედეს. იმ პერიოდში საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად. ამიტომ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ეს ვერ იკისრა.
ახლა კი ისინი მიიჩნევენ, რომ ამდენი წლის შემდგე უკვე საზოგადოება შესაძლოა მომზადეულია ამისთვის და ამიტომაც გამოუშვეს არენაზე ისეთი მოღალატეები როგორიც არის არეშიძე.
_ თქვენ სად ხედავთ აფხაზეთის დაბრუნების გზას?
_ ერთადერთი შესაძლო გზა, რითაც ჩვენ აფხაზეთს დავიბრუნებთ და რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენი აფხაზეთის დაბრუნების იმედი და რწმენა, ეს არის სწორედ ამ ტერიტორიების აუღიარებლობა. ეს მოგვცემს ჩვენ იურიდიულ საშუალებას ამ ტერიტორიების დაბრუნებისა მაშინ როდესაც შეიქმნება ამისათვის შესაფერისი პოლიტიკური ნიადაგი. ჩვენ ამ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ მანამდე არ უნდა მოვიჭრათ გზა.
საქართველომ უნდა დაიცადოს. საქართველომ უნდა დასვას აბსულუტური შეურიგებლობის საკითხი ამ ტერიტორიებთან მიმართებაში და მუდმივად საერთაშორისო მასშტაბით ხაზი უნდა გაუსვას იმას რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. პარალელურად სამუშაოებიც უნდა ჩაატაროს და დადგება აუცილებლად დრო როდესაც საქართველო იქნება მთლიანი.
საქართველო აფხაზეთის გარეშე არ არსებობს. ეს უნდა იცოდეს ისეთმა ძალიან არ მინდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ისეთმა სახელმწიფო მოღალატეებმა როგორიც არის მამუკა არეშიძე.
_ მამუკა არეშიძე ასაბუთებს, რომ საქართველო აფხაზების გარეშე აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს, მათი ეთნოფონდი კი გადაშენების პირასაა. მისივე მტკიცებით, აფხაზების გარეშე აფხაზეთში იქნება რუსული სამხედრო ბაზები, დასახლებები და იგი საქართველოსთვის მაშინ სულ მთლიანად დაიკარგება.
_ სულ მთლიანად იქნება აფხაზეთი დაკარგული მაშინ, როდესაც საქართველო მას იურიდიულად აღიარებს და სულ მთლიანად აფხაზეთი დაიკარგება მაშინ, როცა თავად საქართველოს ხელისუფლება მოაწერს ხელს მათ დამოუკიდბელობას - მხოლოდ მაშინ იქნება დაკარგული აფხაზეთი.
იმ ტერიტორიაზე კი დევნილების დაბრუნებას არავითარი აზრი არ აქვს თუ იქ არ იქნება ქართული ხელისუფლება. მათ იქ არც დააბრუნებენ, ესეც ტყუილია. იმიტომ რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ხელმოწერილ შეთანხმებებში წერდნენ, რომ უნდა დაბრუნდეს მხოლოდ ის ვინც არ იბრძოდა და ვისაც იარაღი ხელში არ ეკავა. ეს ერთი და მეორე, რომც ვინმე დააბრუნონ მათ დააბრუნებენ როგორც აფხაზეთის სრულიად არაქართული სახელმწიფოს მოქალაქეებს და სხვათა შორის დღევანდელი აფხაზებად გაფორმებული მოსახლეობის 80 პროცენტი ქართული წარმოშობისაა. ასე რომ ასეთივე იქნებიან ისინიც, თუკი იმ პირობებში იცხოვრებენ. ეს ყველაფერი არის აბსულუტური ბლეფი და განსაკუთრებით სასაცილოა რუსეთის ჯარის იქიდან გასვლა. ეს ჯარი რომც გავიდეს ამ საშინელი ღალატის ჩადენის ფასად რამდენიმე დღით ან რამდენიმე საათით მათ უკან შემობრუნებას არაფერი არ სჭირდება. დღეს მთავარი პრობლემა მათთვის არის რუსეთის ჯარის იქ ყოფნა კი არა არამედ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე