ბადრი ბიწაძის ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, 20 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უფლებები დაირღვა. პროკურატურამ ბიწაძეს მიუჩინა სახაზინო ადვოკატი იმედა ბეროშვილი.
სამუშიას თქმით, ბეროშვილი მის მიერ შეთავაზებულ არც ერთ წინადადებას და შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რითაც, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა პროკურატურას.
სამუშია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ არც ერთ საგამოძიებო საქმეში არ ჩართონ პროკურატურის მიერ წარდგენილი ადვოკატი იმედა ბეროშვილი, რადგან მხოლოდ მას - ბიწაძეების ოჯახის მიწვეულ ადვოკატს - აქვს უფლება, მიიღოს გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სხვა ნებისმიერი შემთხვევა იქნება უკანონო.
სამუშიამ დაძინა, რომ ბიწაძის საქმე ,,თეთრი ძაფით არის შეკერილი", ბრალდებები ეფუძნება გამოგონილ მოწმეთა ჩვენებებს, რეალური ფაქტები კი არ არსებობს.
ბიწაძეს ბრალად ედება პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება.
სამუშიას თქმით, ბრალდებაში წერია, რომ 26 მაისს შეფიცულთა ჯგუფის წევრებმა ბიწაძის ორგანიზებით პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა, გამოყენებულ იქნა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი.
ბრალის დამტკიცების შემთხევაში, ბიწაძეს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 4-7 წლის ვადით.