"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ავღანეთში, თალიბების თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გარდა, რამდენიმე სამხედრო მძიმედ დაშავდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სამ მათგანს სხეულის სხვადასხვა კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა.
"ჯი-ეიჩ-ენი" აღნიშნული ინფორმაციის თავდაცვის სამინისტროში გადამოწმებას ცდილობს და უწყების ოფიციალურ კომენტარს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, თალიბების თავდასხმის შედეგად ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი გია გოგუაძე დაიღუპა, რაც თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა. ოფიციალური ინფორმაციით, გია გოგუაძე თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა, „მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს".
გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებულია. რიგითი გოგუაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებოდა.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.