სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შუამდგომლობით ამ დრომდე არ მიუმართავს.
არანაირი შეტყობინება არ მიუღია არც ბიწაძის ადვოკატს.
„არანაირი ახალი შეტყობინება პროკურატურის მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია. როგორც ჩანს, პროკურატურას ახალი შუამდგომლობა ჯერ არ დაუყენებია", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ლევან სამუშიამ.
მისივე განმარტებით, პროკურატურას ახალი შუამდგომლობის დაყენების ვადებში შეზღუდული არაა და თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვისთვის მას კანონით განსაზღვრული ვადა არ ეძლევა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს ბრალი "პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში" ედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა, რომლის გადახდაზეც ბიწაძის ოჯახმა უარი განაცხადა. ადვოკატი ლევან სამუშია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ახალი შუამდგომლობის დაყენებას ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, ბიწაძისთვის ბრალის დამძიმებისა და გირაოს პატიმრობით შეცვლას უნდა ითვალისწინებდეს.
ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ბოლო ინფორმაციით, 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, ის „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ბოლნისში წაიყვანა, რასაც ბიწაძის მეუღლე, ნინო ბურჯანაძეც ადასტურებს.