საპარლამენტო უმრავლესობა რჩევას იძლევა, დააკვირდნენ ევროპულ ქვეყნებში სამართალდამცველების ქმედებებს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოება ან საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხის წინაშე დგება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 26 მაისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"26 მაისზე საუბრისას ძალთა არაპროპორციულ გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ არ საუბრობენ იმაზე, რა ტიპის საზოგადოებრივ და ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენდა ის "ღონისძიებები", რაც ხორცილდებოდა, იგეგმებოდა და საით იყო ეს ყველაფერი მიმართული", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, თუ ყოველთვის "ისე ვერ გაივლის სახელმწიფო, რომ ზედმეტი ძალის გამოყენება არ მოხდეს, ეს სახელმწიფოს დილემად არ შეიძლება დაინახონ".
"თუ არა და გადახედეთ სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც არათუ შედიან ევროკავშირში, არამედ დამფუძნებელი არიან. დააკვირდით მათ სამართალდამცველების ქმედებებს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოება ან საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხის წინაშე დგება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.