სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ იორდანიის სამეფოს დელეგაცია მიიღო.
უფასო იურიდიული დახმარების გამოცდილების გაზიარების მიზნით დელეგაციის წევრები სამსახურის სერვისით სარგებლობის პირობებს და განვითარების გეგმას ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა იორდანიის სამეფოში უფასო სამართლებრივი მომსახურების დანერგვის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით წარმატებული ქვეყნების რეფორმებს ეცნობიან.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები უფასო იურიდული დახმარების სპეციფიკას უშუალოდ თბილისის ბიუროში გაეცნენ და ასევე ქვემო ქართლის ბიურო მოინახულეს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაცია "იურიდიული დახმარების ცენტრის", იორდანიის სამეფოს იუსტიციის, დაგეგმარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის, სოციალური განვითარების სამინისტროების, ასევე მსოფლიო ბანკის იორდანიის ოფისის წარმომადგენლები.
იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. დღეისათვის სამსახურის 11 რეგიონული ბიურო და 3 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთაში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, ზესტაფონში, ქუთაისში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში ფუნქციონირებს.