საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს დევიდ პეტრეუსს შეხვდა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, დევიდ პეტრეუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ISAF-ის მისიაში წარმატებული მონაწილეობისთვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ. „გენერალი პეტრეუსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ ეს იქნება საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ამით ქართველი სამხედროები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას. დამატებით მე-2 ბატალიონი ავღანეთში მომავალ წელს გაემგზავრება", - აღნიშნულია ახალიას უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბაჩო ახალაიამ და დევიდ პეტრეუსმა საქართველოში ნატო-ს სტანდარტების რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრეს. გენერალი პეტრეუსი მიესალმება ინიციატივას შეიქმნას საქართველოში ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ოპერაციებისთვის გადასროლისწინა წვრთნების განხორციელება. ცენტრის შექმნის საკითხში საქართველოს ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. გენერალ პეტრეუსის თქმით, ცენტრის შექმნისა და წარმატებით ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილის შეტანის საკითხზე ის ამერიკელ სამხედროებთან ერთად იმსჯელებს.