რესპოდენტის შესახებ
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა.
- რუსული მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობის მცდელობები ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს კრემლის მხრიდან ასეთი "შეტევა"?
- გულწრფელად გეტყვით, ძალიან შეშფოთებული ვარ. ერთი მხრივ, ამას შეიძლება ჰქონდეს ასეთი ხაზი - მოდი, ქართველ ხალხში რაც შეიძლება ძლიერად გავაჩინოთ არასტაბილურობის განცდა. ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მხოლოდ ასაფეთქებელ საშუალებებს პოულობს, არამედ იმ ხაზსაც სად მიდის ეს ყველაფერ.
თანამოქალაქეები არ მინდა დავძაბო, მაგრამ რაც ხდება, არ არის მარტივი, როგორც ჩანს, ამას აქვს რაღაც ხაზი, რომელიც გულისხმობს, რომ ეს იყოს საქართველოზე მუდმივად ჩამოკიდებული მახვილივით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ.
- რამდენად საკმარისია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედების რეალიზება არ მოხდეს?
- ამაზე ველაპარაკებით უცხოელ კოლეგებს, ვეუბნებით, რომ ეს გვაწუხებს და ძალიან ვთხოვთ, ამ საკითხებით დაკავდნენ. ვთხოვთ, სერიოზულად ელაპარაკონ ადამიანებს, ვისთანაც ეს ხაზი მიდის. ესენი არიან ადამიანები კონკრეტული გვარით, სახელით და თანამდებობით. ეს ძალიან გვაშფოთებს, ჩვენი მეგობრებიც შეშფოთებულები არიან. მათ თავად გადაამოწმეს და ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა.
- რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებები დასავლეთის მიმართ ერთგვარი შანტაჟია, თუ ის რაიმე სერიოზული ქმედების განხორციელებისთვის ემზადება?
- რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ დასავლეთის რეაქცია ძალიან მძიმე იქნება. მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედების მიზანია, საქართველოში მუდმივად იყოს არასტაბილურობის განცდა ზოგიერთებში და მუდმივად ჰქონდეთ ვიღაცებს იმედი, რომ რუსეთს თეთრ ტანკზე ამხედრებულს შემოიყვანენ.
- ხშირად ისმის კრემლის ოფიციალური პირებისგან ბრალდებები, რომ პანკისში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები აფარებენ თავს. შეშინებულმა მოსახლეობამ ომალოდან ბავშვები გახიზნა იმის შიშით, რომ რუსეთმა შესაძლოა სპეცოპერაცია განახორციელოს. რამდენად არის რეალურად ამის საფრთხე?
- ბოდვებს, რომელსაც საქართველოს მოღალატეები ავრცელებენ, არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან. ეს ხდებოდა საქართველოში 2003 წლამდე და არც იმალებოდა. დღეს საქართველო ამ მიმართულებით დაცულია და ქვეყანაში ვერავინ შემოვა შესაბამისი სავიზო პროცედურების გარეშე. საქართველოს ინტერესებშია, რომ იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და საზღვარი იყოს დახურული ყველასთვის, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ვიზით შემოდის - რუსეთის მოქალაქე იქნება ის თუ ევროპის ქვეყნების.
- ანუ რუსეთს არანაირი მიზეზი აღარ რჩება, რომ პანკისის ხეობის მიმართულებით "სპეცოპერაცია" განახორცილოს?
- დოკუ უმარავი ამერიკელებმა ტერორისტების სიაში შეიყვანეს. ჩვენ კი აშშ-ის პარტნიორები ვართ, მათ შორის ანტიტერორისტულ ღონისძიებებში. დღეს საზღვრის გარღვევა შეუძლებელია. ამას ვაკონტროლებთ. თუ რამე იქმება, პირველები ვიტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე იქ არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება.
- რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა, ტერაქტებთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ მოპოვებული მასალა განიხილოს. ეს დასავლეთისთვის გაკეთებული განცხადებაა თუ რეალურ შედეგს უნდა ველოდოთ?
- სამხილები საქართველოს იმაზე მეტი აქვს, ვიდრე საჭიროა და ეს ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმაც იციან. ეს სამხილები რუსეთს აუცილებლად გადაეცემა.
- თუ რუსეთი ტერაქტებს გააგრძელებს, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე ქართული მხარე უარს იტყვის. მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლით საქართველო რას მიიღებს?
- რაღაც სერიოზული ნაბიჯი უნდა გადავდგათ. უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს საკითხი გვაწუხებს. რუსეთი ამბობს, რომ ეს ყველაფერი თუ არ იქნება გამოძიებული, მაშინ აზრი არ აქვს ლაპარაკს. ამას ამბობს და თან ტერაქტებს აწყობს. ამიტომ თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ასე ფიქრობს, მიმაჩნია, რომ ეს გამართლებულია.
- თუმცა ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც ქართული და რუსული მხარეები უშუალო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
- ქართული მხარე საკითხს ასე დააყენებს: ყველაფერზე, რაც ჩვენ გადმოგეცით, პასუხი გვითხარით, ან არადა, რაზე ვილაპარაკოთ... როცა რუსული მხარე მოვა და გვეტყვის, რომ გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ კონკრეტული პირი არ მუშაობს, ან დასაჯეს ვინმე - ეს უკვე სხვა იქნება.
- 26 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. რამდენად მოხდება შიგნით ვითარების დაძაბვა პრორუსულ და ნაციონალურ ძალებს შორის?
- ამ ე.წ. არჩევნებში რუსეთი ძალიან აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და გაიყვანს იმ კანდიდატს, რომელიც იქნება ლოიალური კრემლისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ, რადგან ის არალეგიტიმურია.
აფხაზები ახლა აცნობიერებენ, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან რუსეთთან მიმართებაში, ამიტომაც არის უკმაყოფილება, პატარ-პატარა კონფლიქტები, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ გააანალიზონ და საბოლოო გადაწვეტილება მიიღონ. ახლა კრემლი ეცდება იმ კანდიდატის გაყვანას, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ბაღაფში ამ როლის შესრულებას ცდილობდა.
გამორიცხულია პროქართული კანდიდატის გასვლა, რადგან ახლა ისინი იქ სიტუაციის მძევლები არიან. შეიძლება აცნობიერებენ, სად არიან, მაგრამ არანაირი რესურსი არა აქვთ, რადგან აფხაზეთში საოკუპაციო ჯარი დგას და მთლიანად ფინანსურად და ეკონომიკურად დამოკიდებულები არიან კრემლზე.
კრემლში ძალიან კარგად ხედავენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათთვის არასასურველი კანდიდატის გასვლას, რადგან აფხაზებს კრემლისგან კი უნდათ ფული, მაგრამ ისეთი პოლიტიკური მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ, რასაც ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ნაურუსნაირი სახელმწიფოების მიერ აღიარება მოჰყვა.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამარ მამუკაშვილი