აგარარული უნივერსიტეტის პასუხისმგებელ პირთა ქმედებით არამიზნობრივად 1 010,9 ათასი ლარი გაიხარჯა. ამის შესახებ ნათქვამია კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშში, რომელიც 2007-2009 წლების აუდიტს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო და სამეურნეო პროექტები არ იყო ორიენტირებული შედეგზე, რაშიც არამიზნობრივად დაიხარჯა სახსრები, ასევე უნივერსიტეტი 2007-2009 წლების განმავლობაში 500 ჰა მიწის ფართობიდან 300 ჰა ფართობს უსარგებლოდ ფლობდა.
არ შესრულდა 250,0 ათას ლარამდე ღირებულების სამეცნიერო პროექტები, რომელიც მიზნად ისახავდა მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი და საინფორმაციო ცენტრის შექმნას; ხეხილისა და ვაზის საკოლექციო სასწავლო-საცდელი ნაკვეთების გაშენებას; ქუთაისის მეაბრეშუმეობის სადგურის სათბურის მოწყობას; უნიკალური ქართული ჯიშის ცხვირის სამეცნიერო კვლევას.
უნივერსიტეტმა მეტალო-პლასტსამასის ფანჯრების შესასყიდად 1 357,2 ათასი ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს "ეკოთერმთან", რომელმაც არაჯეროვნად შეასრულა 380,8 ათასი ლარის სამუშაო, კერძოდ ფანჯრების ნაცვლად დამონტაჟებულია იაფასიანი ვიტრჟები. ტენდერიდან დაბალფასიანი კონკურენტის უკანონო დისკვალიფიკაციით უნივერსიტეტმა ბიუჯეტს მიაყენა 651,8 ათასი ლარის ზარალი.
სატენდერო კომისიის მიერ ტენდერში შეფასების კრიტერიუმების არასწორად შერჩევის გამო, გამაგრებითი სამუშაოებისა და გათბობის სისტემების ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდნენ მაღალი ფასის მქონე კომპანიები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დაიხარჯა 267,4 ათასი ლარი;
"ხუთმა კონტრაქტორმა კომპანია ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ფაქტობრივ შესრულებისას და შესასრულებელ სამუშაოს მოცულობებს შორის სხვაობის შედეგად ბიუჯეტიდან უკანონოდ გადახდილია 69,9 ათასი ლარი. უნივერსიტეტის პასუხისმგებელ პირთა არაჯეროვანი ქმედებით არამიზნობრივად გაიხარჯა 1010,9 ათასი ლარი", - აღნიშნულია კონტროლის პალატის ანგარიშში.