თბილისში მდებარე ნატოს სამოკავშირეო ოფისის შენობაზე ტერორისტული აქტის მოწყობა იგეგმებოდა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
დეტექტივ გიორგი ბუხრაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა დაგეგმილი ტერორისტული აქტის აღკვეთა დღეს შეძლეს.
"დღეს შსს-ის თანამშრომლების მიერ აღკვეთილ იქნა ტერორისტული აქტის მორიგი მცდელობა. მცხეთის რაიონში დაკავებულ იქნა ბადრი გოგიაშვილი. დაკავებულ პირს თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყოფა წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით. დაკავებული პირის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ახალგორში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრე სოკოლოვის, ახალგორის მილიციის სამმართველოს უფროსის ვლადიმერ ფუხაევისა და ახალგორის მილიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიცემული ჰქონდა დავალება, თბილისში მოეძებმა ისეთი შენობა, რომელშიც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დროშა. ბადრი გოგიაშვილის მიერ დაფიქსირებული შენობებიდან აღნიშნულმა პირებმა შეარჩიეს თბილისში, ნატოს სამოკავშირეო ოფისი და გოგიაშვილს მოსთხოვეს მისთვის გადაცემული ბომბი სწორედ იქ აეფეთქებინა", - განაცხადა დეტექტივმა.
დაკავებული პირის ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას 2 ათას ამერიკულ დოლარს გადაუხდიდნენ.
შსს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით ძიებას აგრძელებს.