აშშ-ის კონგრესის წევრებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადეს.
როგორც პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის კონგრესის თავდაცვის კომიტეტის წევრმა სიუზან დევისმა აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ოჯახებს დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მინდა ჩემი დამოკიდებულება და მადლიერება კიდევ ერთხელ გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ ოჯახებს, რომლებსაც დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ", - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.
დევისმა ყურადღება გამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე დასმულ პრობლემებზე. როგორც ამერიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მთავრობასა და პარლამენტის ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემებს აწყდებიან.
"ჩვენი ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, პარლამენტი და მთავრობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემებია", - აღნიშნა მან.