საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯერალდ ჰოუართი სტუმრობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის მიზანს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.
"ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები თავდაცვის სფეროში მიმართულია საქართველოს დახმარებასა და ხელშეწყობაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ბრიტანული დახმარება ძირითადად ემსახურება ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთათვის ტრეინინგების ჩატარებას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა თავად ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საქმეში. ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს დახმარებას ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების ჩატარების გზაზე. დღეს სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ბრიტანეთიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან სამუშაოდ გამოიგზავნება მრჩეველი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში", - აღნიშნა ჯერალდ ჰოუართიმ.
მისი თქმით, საქართველო რჩება ბრიტანეთის მნიშვნელოვან მეგობრად.
"ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიბრძვით ავღანეთში და მე პირადად მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს იმ მსხვეპლისთვის, რომლებსაც ისინი იღებენ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად", - განმარტა მან.
ჯერალდ ჰოუართი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მის პირველ მოადგილეს, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერს ევროატლანტიკურ საკითხებში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდება. მინისტრი ასევე ეწვევა საქართველოში არსებულ ევროპის სადამკვირვებლო მისიას, სადაც ამჟამად 15 ბრიტანელი მონიტორი და თანამშრომელია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე მოინახულებს ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამას.