სასაზღვრო პოლიციის უფროს ბადრი ბიწაძეს საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდის ვადა ხვალ, 7 ივნისს ეწურება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახი გირაოს გადახდას არ აპირებს.
რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს პროკურატურამ ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგ, ადვოკატმა განმარტა, რომ ძალოვანი უწყება სასამართლოს, სავარაუდოდ, ბადრი ბიწაძისთვის ბრალის დამძიმებისა და გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
„პროკურატურას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ბადრი ბიწაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების შესახებ, რაც ჯარიმის პატიმრობით შეცვლას გულისხმობს. სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება და ასეთია ჩვენი მოლოდინიც", - განმარტა ადვოკატმა.
მისივე მტკიცებით, ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი პირადად მისთვის და ბიწაძის ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. მას ბრალი „პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში" ედება.