მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხავადასხვა დროს გააყალბეს მათი პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა) ამნისტია გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ, დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსმა ლევან დარბაიძემ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, უახლოს დღეებში ძალაში შევა „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ დოკუმენტების გაყალბების თაობაზე. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ).
როგორ დარბაიძემ აღნიშნა, კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც გარკვეული კატეგორიის დანაშაულები (დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა) ჩაიდინეს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე - პირებზე, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაყალბებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემული დოკუმენტები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არის დაწყებული გამოძიება.
„ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელების თაობაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს არა მხოლოდ ბათუმის იუსტიციის სახლსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილ სამსახურში, არამედ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ინტერნეტის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: www.passport.gov.ge http://intpass.cra.ge