თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების წესის დარღვევისთვის პირის დაჯარიმების უფლება თვითმმართველობას ექნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დღეს დაამტკიცა.
როგორც რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტში განმარტავენ, მერიას უკვე აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ დასუფთავების წესების დარღვევისთვის პირის დასაჯარიმებლად ახალი სამსახური შექმნას, ან ეს უფლებამოსილება რომელიმე უკვე არსებულ სამსახურს მიანიჭოს.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კი, დედაქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დარღვევა ქვეითად მოსიარულის მიერ ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დედაქალაქის ტერიტორიაზე გადაგდება, დატოვება ან დაყრა გამოიწვევს ქვეითად მოსიარულის ან ავტოტრანსპორტის საშუალების მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი; სამარშუტო ტაქსი) შემთხვევაში - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების ნივთების და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებზე, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 500 ლარით და იურიდიული პირი, დაწესებულება, ორგანიზაცია 3 000 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარით განისაზღვრება.
თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმების უფლებამოსილმა პირმა ადგილზე არ შეადგინა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ან მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე, ასეთ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც სახდელის დადების შესახებ დადგენილება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაეგზავნება.
აღნიშნული ცვლილებების ავტორი რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძეა, ხოლო ინიციატორი თბილისი მერია. ცვლილება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება.