დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე დაკავებულ ექიმს გიორგი სეხნიაშვილს 3 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სიღნაღის პროკურატურა განსასჯელისთვის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" კორესპონდენტი სასამართლო სხდომიდან იუწყება, დაკავებულის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, დაკავებული ექიმი სახელმწიფოს სასარგებლოდ 4 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
,,სხდომაზე გიორგი სეხნიაშვილი დავახასიათე, როგორც დადებითი პიროვნება და კარგი ექიმი. მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ გათავისუფლებას ვითხოვდით, რაც სამწუხაროდ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა. დაველოდებით მორიგ სხდომას და შეფასებებს მას მერე გავაკეთებთ," - აცხადებს დაკავებული მედიკოსის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.