ახალციხეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, სამართალდამცავებმა 28 წლის გიორგი კაპანაძის მკვლელი დააკავეს და მისგან აღიარებითი ჩვენებაც მიიღეს. გიორგი კაპანაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი თანასოფლელი და მისივე თანატოლი გიორგი არსენაძეა.
არსენაძე თავის აღიარებით ჩვენებაში საუბრობს, რომ იგი მკვლელობის ადგილას გიორგი კაპანაძეს შეხვდა და მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
არსენაძე თავის აღიარებით ჩვენებაში ჰყვება იმასაც, რომ კაპანაძემ იგი ჩხუბის დროს სცემა და აცხადებს, რომ სწორედ ამიტომა გამოიყენა მან დანა. არსენაძე ჩხუბის მიზეზებზე არ საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, არსენაძეს და კაპანაძეს ერთი ქალი უყვარდათ და სავარაუდოდ, ჩხუბისა და მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არსენაძე საუბრობს, რომ მკვლელობა მან თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, წინასწარი ძიება "განზრახ მკვლელობის" მუხლითაა დაწყებული.