ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული თამილა ბენიას აღიარებით ჩვენებას შს სამინისტრო ავრცელებს.
თამილა ბენია თავად ყვება თუ ვისი შუამდგომლობით დაუკავშირდა ის რუსეთის სპეცსამსახურებს და რა სახის დავალება მიიღო მათგან. ადგილი სადაც თამილა ბენიას ტერაქტი უნდა განეხორციელებინა არ კონკრეტდება.
"ოჩამჩირის რაიონიდან ვიცნობდი ვალმერ ბუთბას, ერთი თვის წინ მან შემომთავაზა რუსებს უნდა შევხვედროდი და ზუსტად დათქმულ დროს და დათქმულ ადგილზე შევხვდი რუს ჯარისკაცებს იგორ ვლასოვსა და სერგეი კუზმინს.
თავდაპირველად მათ ლაპარაკი ჩვეულებრივ თემებზე დამიწყეს. და ამის შემდეგ მათ მითხრეთ თქვენთან ერთი სერიოზული საქმე გვაქვსო და თუ შეგიძლია ამ საქმის გაკეთებაო. მე ვუთხარი რა საქმე არისთქო. მათ მითხრეს - ბომბი უნდა გადაიტანო საქართველოს ტერიტორიაზეო და იქ დატოვოო. თანხაც მითხრეს სამი ათასიდან ხუთი ათას ამერიკულ დოლარამდე. მე ამ საქმეს დავთანხმდი.
თანაც მითხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რომ გადმოვიტანდი დათქმულ ადგილას, რომ დავდებდი ამ ბომბს დრო გაქვსო 15-20 წუთიო ის უცბად არ აფეთქდებაო. კალცოებს, რომ მოხსნიო ჩვენ რომ დავრწმუნდეთ ამ კალცოებს აქ მოგვიტანო", _ აცხადებს ბენია აღიარებით ჩვენებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი იგორ ვლასოვი, რომელიც ბენიამ ამ აღიარებით ჩვენებაში დამკვეთად დაასახელა მან ფოტოზეც ამოიცნო. იგი სერგეი კუზმინთან ერთად საკმაოდ დიდი ხანია არის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი და იგი ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
შეგახსნებთ, რომ აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თამილა ბენია და აბესალომ ჩხეტია საოკუპაციო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავეს. სპეცოპერაცია ცაისში ჩატარდა და იქვე მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერების ჰეგსოგენის გაუვნებელყოფა, რომელიც დაკავებულებმა ხელჩანთით გადმოიტანეს.