ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი უცხური ვალუტის შეძენისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: თამილა ჩანგელია, წარსულში არაერთგზის ნასამართლევები გია არახამია და ნუგზარ სულამანიძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა საერთო ჯამში 700 ნაღდი დოლარისა და 60 ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს გადასცეს 2000 ყალბი აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ თანხა შედგებოდა ყალბი 100-დოლარიანი კუპიურებისაგან, რომლებიც ნამდვილი ფულისაგან ძნელად განირჩეოდა.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.