ბადრი ბიწაძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადად შვიდი დღე განესაზღვრა. გირაოს ოდენობა 100000 ლარს შეადგენს.
"დღეს, 2011 წლის 1-ელ ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ბადრი ბიწაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ. ბიწაძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ორგანიზება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობის მოთხოვნა და ბ.ბიწაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფრდა გირაო 100000 ლარის ოდენობით. აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ ბიწაძეს ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აქვს ქონება გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ასაკი და საქმიანობა. ბრალდებულს გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა შვიდი დღე", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.