მოძრაობამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილის სახელზე განცხადება შეიტანა.
მოძრაობის ხელმძღვანელი ეკა ბესელია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს , რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ იმ 68 ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა, რომელთა მონაცემებიც 26 მაისის მოვლენების შემდეგ უცნობია.
„გთხოვთ , გვაცნობოთ არიან თუ არა ზემოაღნიშნული პირები დაკავებულნი და გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები, ასევე გვაცნობოთ მათი დაკავების ადგილი, ხოლო იმ პირებზე რომლებიც არ არიან დაკავებულები გამოცხადდეს ძებნა, რათა დროულად დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ გაუჩინარებულ პირთა 68-პირიანი სიაც ახლავს.
აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელია დღეს საპატიმროებსაც ესტუმრება, სადაც მიტინგის დარბევისას დაკავებულებს მოინახულებს.