პოლიტოლოგი გია ნოდია ხელისუფლებას "სახალხო კრების" ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოუწოდებს.
როგორც კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, რაც, რეალურად, კრების მიზანს წარმოადგენდა, მხოლოდ რიგითი შემსრულებლები არ უნდა დაისაჯონ".
„რასაც მე ვხედავ, ისჯებიან მხოლოდ რიგითი შემსრულებლები. ბუნებრივია, ისინიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ აქტიის ორგანიზატორთა მოქმედებების გამოძიება და მასზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს. დიახ, მიგვაჩნია, რომ „სახალხო კრების" ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, რადგან მათ სამოქალაქო ომის გამოწვევა და არეულობის ინსცენირება სურდათ", - განაცხადა ნოდიამ.
ამასთან, პოლიტოლოგი ბადრი ბიწაძის მიმართ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გირაო ბიწაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის არაადეკვატურია.
„მართალია, ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ სრულიად მიუღებელია ის, რომ მთავარი პროკურატურა მისთვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისა და გირაოს დაკისრების შუამდგომლობით გამოდის. გირაოთი, ხშირად, უფრო მსუბუქი დანაშაულისთვისაც არ ხდება დამნაშავის გათავისუფლება", - აღნიშნა ნოდიამ.
თავად „ევროპული კოალიციის" შეფასებით, „სახალხო კრების" ორგანიზებით 21-26 მაისს გამართული აქციები იყო არა საქართველოს შიდასაზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ეროვნული ინტერესებით განპირობებული ქმედება, არამედ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის მიერ წარუმატებლობისთვის განწირული მაპროვოცირებელი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში სისხლისღვრის მოწყობას, დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას ისახავდა მიზნად.