„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" მიმართავს მთავარ პროკურატურას დეტალურად გამოიძიოს 26 მაისს, ღამით, რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის, მათთვის ხელის შეშლის ფაქტები და ყველა შემთხვევაზე მოახდინოს ადეკვატური, სამართლებრივი რეაგირება.
ქდმ შეახსენებს მთავარ პროკურატურას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის თანახმად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ანუ მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, დასჯადია. ასევე დასჯადია იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
„უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს არაერთი, ფაქტობრივად დადასტურებული შემთხვევა, როცა სამართალდამცავებმა კანონის დარღვევით მოახდინეს ზეწოლა მედიის წარმომადგენლებზე. უფრო მეტიც, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას და თავისუფლების შეზღუდვას. მიგვაჩნია, რომ ის პირები, რომლებიც ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში და გადაამეტეს უფლებამოსილებას, უნდა გამოაშკარავდნენ და დაეკისროთ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დასრულდეს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის სამარცხვინო ტრადიცია და ჟურნალისტებს, კანონით დაშვებულ ყველა სიტუაციაში, მიეცეთ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება" - ნათქვამია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.