თბილისში შეიარაღებული გადატრიალება მზადდებოდა - შსს- ახალ ვიდეომასალას ავრცელებს.
(ტექსტური ვერსია) სგავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია სახალხო კრების ლიდერებისა და მისი ერთ-ერთი ფრთის „შეფიცულთა" მზადება საპროტესტო გამოსვლებისათვის.
ასევე მოცემულია შეფიცულთა ერთ-ერთი ლიდერის, გადამდგარი გენერლის გია უჩავას აღიარებითი ჩვენება, სადაც ის საუბრობს მათი გეგმის დეტალებზე.
"გუშინ გავავრცელეთ ვიდეომასალა სადაც შემოგთავაზეთ კადრები თუ როგორ განიხილავდა აქციის ორგანიზატორთა ერთი ნაწილი ძალადობის გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მინდა მოგახსენოთ, რომ ჯერ ჯერობით ამ ბრალდებით დაკავებული ჩვენ არავინ არ გვყავს, მაგრამ გამოძიება გრძელდება და დღეს წარმოვადგენთ მტკიცებულებების კიდევ ერთ მცირე ნაწილს, რომელიც ადასტურებს ამგვარი განზრახვის არსებობას", _ განაცხადა შს სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.
ამასთან დაკავშირებით, შს სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ არ არის გამორიცხული ამ მოვლენებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ კიდევ დამატებითი ვიდეომასალა გაავრცელოს.