საქართველოს შს სამინისტრომ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე და მისი პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
"2011 წლის 26 მაისს, 00:10 საათზე, ნინო ბურჯანაძემ, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილების საშუალებით, მიატოვა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ განთავსებული სცენის მიმდებარე ტერიტორია. ნინო ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა "თავისუფლების მოედნის" მიმართულებით, რა დროსაც ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე, ნოდარ ცხადაძე", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ შეჯახების შედეგად ასევე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ , მათ შორის, ოთხმა პოლიციელმა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"დაკავებისას ივანე ჩიღვინაძემ და ზაქარია ზურაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს", - აღნიშნულია განცხადებაში.