გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერის, დოკუ უმაროვის საქართველოში ყოფნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უარს აცხადებენ დაასახელონ დოკუ უმაროვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, რომელიც "ეფ-ეს-ბეს" შეფის, ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით, მათთვის ცნობილია, ჟურნალისტებმა მაინც შესძლეს ამ ინფორმაციის მოპოვება", _ წერს რუსული მედია.
"მოსკოვსკი კომსომოლეცის" ცნობით, ოპერატიული მონაცემებით, უმაროვი საქართველოში, კახეთში, ახმეტის რაიონში იმალება.
"წყაროს ინფორმაციით, ცნობილია ასევე მისი საცხოვრებლის ზუსტი მისამართი - სოფელი ომალო", - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ "რუსებისათვის ეს ადგილი კარგად არის ნაცნობი გიორგი დანელიას ლეგენდარული ფილმიდან "მიმინო".
"მოსკოვსკი კომსომოლეცი" მიიჩნევს, რომ უმაროვმა დისლოკაციის ადგილი სტრატეგიულად სწორად აირჩია. "ერთის მხრივ საქართველოს სპეცსამსახურებს სჭირდება რუსი ტერორისტი-არალეგალი. მეორეს მხრივ კი, მისი იქ ყოფნა რუსულ მხარესაც აწყობს".
გამოცემა არ გამორიცხავს, რომ უმაროვი სპეცსამსახურებთან მოლაპარაკებებზე წავიდა და მისი ბანდის განადგურება იყო აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ მისთვის რუსეთ-საქართველოს საზღვარის გადაკვეთის უფლება მიეცათ.