ENG / RUS       12+

საქართველოში ჯერჯერობით რევოლუციის მხოლოდ აჩრდილი დადის

26 მაისს რუსთაველზე საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არცთუ საზეიმო განწყობით ხვდება. აღლუმი ტარდება იმ ქუჩაზე რომელიც წინა ღამით მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევის მოწმე გახდა და ამის ამსახველი კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა. აშკარა იყო რომ ხელისუფლებამ და მისმა რეპრესიულმა აპარატმა გადაამეტებული ძალა გამოიყენეს. მათ მომიტინგეებს პრაქტიკულად გასასვლელი არ დაუტოვეს, რაც ადასტურებს იმას, რომ მიზანი იყო არა მხოლოდ რუსთაველის გაწმენდა, არამედ მომიტინგეებზე ანგარიშსწორება და რაც შეიძლება სასტიკად.

"არ მესმის, ტრაქტორისტი რატომ ამუხრუჭებს. თუ უწვება, გადაუარონ.... ", პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ეს მიტინგის დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა. აქედან გამომდინარე მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანი თუ იფიქრებდა, რომ ხელისუფლება მომიტინგეებს ცივილური გზით გაისტუმრებდა რუსთაველის პროსპექტიდან, როდესაც მათ მიტინგის სანქცირებული ვადა ამოეწურათ. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ საკუთარი მოქალაქეებისათვის "სახელმწიფო ხელის" მუდმივად შეხსენება და ზოგჯერ ძალიან მტკივნეულადაც, ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკისა და იდეოლოგიის ლამის საფირმო ნიშანი გახდა.

აღლუმის დაწყებამდე სააკაშვილმა თავის საგანგებო განცხადებაში 'სახალხო კრების" მიტინგი და აღლუმის ჩაშლის მცდელობა პირდაპირ დაუკავშირა გარე ძალის (იკითხე რუსეთის) სცენარს და საზოგადოებას ამის მამხილებელი მასალების მიწოდებას დაპირდა. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია ხელისუფლების გენერალური ხაზი - გამოაცხადოს მიტინგის ორგანიზატორები კრემლის მიერ მართულ ჯგუფად და ამით გაამართლოს ქვეყანაში რეპრესიები და სხვა საგანგებო ზომები. სააკაშვილმა აღლუმზე პირდაპირ დაადანაშაულა მიტინგის ლიდერები, რომ სწორედ მათმა ავტომანქანებმა იმსხვერპლეს ორი პოლიციელი. თუმცა ამის დამადასტურებელი სამხილები ჯერ არ წარმოუდგენიათ. "ეს იყო ტიპიური ტერორი და შანტაჟი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ, ტერორსა და შანტაჟთან მიმართებაში კი ხელისუფლება დათმობაზე არ წავა," - განაცხადა პარლამენტარმა "ნაცმოძრაობიდან" აკაკი ბობოხიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების შეფასებებიც მსგავსია.

საინტერესოა, რომ დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ში უკვე გამზადებული აქვთ ვიდეოსიუჟეტები დაახლოებით იმავე ჟანრში როგორც 2007 წლის ნოემბერს, სადაც ნაჩვენები იქნება რომ 'სახალხო კრება" გადატრიალებას გეგმავდა და აქციის ორგანიზატორებისათვის რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა საზოგადოებაში შესაბამისი განწყობა შეიქმნას ამ ხალხის მიმართ.

25-26 მაისს რუსთაველზე მიტინგის და მისი ამსახველი ქრონოლოგია უკვე ბევრმა იხილა და წაიკითხა და ალბათ დეტალურ განხილვას აღარ საჭიროებს. მომხდარი ალბათ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მათ შორის ტელემედიის მუშაობაც. პატარა ტელეკომპანია "მაესტრო" ფაქტიურად აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ჟურნალისტური მოვალეობა ბოლომდე მოიხადა. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება თუ რეალურად რა პოლიტიკური დატვირთვა გააჩნდა თავად ამ საპროტესტო აქციას, მართლა იყო თუ არა იგი მართული რუსეთიდან და რა გავლენა ექნება იმას რაც მოხდა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.

თუ თვალს გადავავლებთ 21-26 მაისს მომხდარ მოვლენებს, ყველაფერი ძალიან სწრაფად და თითქოსდა წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით მოხდა. „სახალხო კრებას," რომელსაც ხელისუფლების შეცვლის თითქოსდა დეტალურად გაწერილი გეგმა ჰქონდა და საკმარისი მხარდამჭერებიც, პირველივე აქციაზე სულ რაღაც 5000 ადამიანი თუ მიუვიდა. ბუნებრივია ხელისუფლების პრევენციულმა ზომებმა, მათ შორის საინფორმაციო ომმა, გარკვეული როლი შეასრულა აქციის მონაწილეთა სიმცირეში, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ "სახალხო კრებამ" აქცია წარმართა ერთობ არაორგანიზებულად, ყოველგვარი კრეატივის გარეშე, ხალხის მიერ გვარიანად მობეზრებული შაბლონური მეთოდებით. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა აქციამ სულ რაღაც 3 დღეში დალია სული.

"სახალხო კრებაში" საკმარისზე მეტი აღმოჩნდა ხალხი ვინც ბოლო მომენტში თანამებრძოლები უბრალოდ გაყიდა. ვერც ფართოდ რეკლამირებულმა "შეფიცულებმა" შეასრულეს ის ფუნქცია რაც ეკისრებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ 'სახალხო კრების' ლიდერები აცხადებდნენ რომ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით იბრძოლებდნენ, ბოლო დღეებში მათი მხრიდან მაინც ისმოდა მოწოდებები რევოლუციისკენ, რაც აშკარად ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს.

ბუნებრივია მარცხში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნინო ბურჯანაძის ფაქტორმა, რომელმაც როგორც ჩანს ჯერ ვერ მოახერხა საკუთარი თავის სრული პოლიტიკური და მორალური რეაბილიტაცია საზოგადოების თვალში. თუმცა შესაძლოა სწორედ ეს მიტინგი გახდეს მისთვის ამ პროცესის დასაწყისი, თუ მომავალში სწორ ნაბიჯებს გადადგამს და გამოიყენებს იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჯერ არ გამოუყენებია. მან საკმაოდ ბევრი რამ იცის ხელისუფლების შიდასამზარეულოზე.

საპროტესტო აქციის მინავლებაში საკუთარი "წვლილი" შეიტანა "ქართულმა პარტიამაც" რომლის რეალური მიზნები საზოგადოებისთვის ბოლომდე უცნობია.

ჭრელი შემადგენლობის პარტიის ხელმძღვანელი ბირთვის ერთიანობა სულ რაღაც 2 დღეში მოიშალა მას შემდეგ რაც პარტიის ლიდერები კოკა გუნცაძე და ლევან გაჩეჩილაძე „სახალხო კრების" აქციაზე მივიდნენ და თითქოსდა „დიდი შერიგებაც" შედგა. შემდეგში კი აღმოჩნდა რომ სახალხო კრების ფაქტობრივ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან შერიგებას არ აპირებდა „ქართული პარტიის" მეორე ფრთა.

„სახალხო კრების" საპროტესტო აქციის ჩაშლას მოჰყვა 25 მაისს „ქართული პარტიის" მიერ დაანონსებული დიდი საპროტესტო აქციის გაუქმება, რომელსაც თითქოსდა ბოლო უნდა მოეღო არსებული რეჟიმისათვის. „ქართული პარტიის" 50,000 კაციანი „ლაშქარი" ისეთივე მითი აღმოჩნდა როგორც 25 ივნისს დაანონსებული "მრისხანების დღე." დაპირების მიუხედავად თბილისში არ ჩამოვიდნენ ირაკლი ოქრუაშვილი და კოტე გოგელია და თავის მართლება ისეთი უსუსური არგუმენტებით დაიწყეს, რომ მათ მომხრეებსაც კი გაუცრუეს იმედი. ყოველივე ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს ბრძოლაც ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდებოდა.

ბუნებრივია, ყოველივე ამის შემდეგ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდება ეჭვები, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ჯიბეში უზის. სწორედ ამას სწერდა თავის გახმაურებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელიც მავანთ რატომღაც ამ დღეებში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირეს.

არშემდგარი რევოლუცია რომლის ჰიმნადაც შესაძლოა ცნობილი „ჩაო ბელა" სიმღერა გამხდარიყო, უკვე წარსულის ფურცელია და მისი გამოცდილებისა თუ შეცდომების გაანალიზება მოუწევთ როგორც თავად „რევოლუციონერებს" ასევე სხვა პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით საზოგადოებას. რევოლუციის მცდელობის მარცხმა ძალთა ბალანსი და შიდაპოლიტიკური კონიუნქტურა ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვალა. შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუ როგორ იმოქმედებს 21-25 მაისის მოვლენები, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ „რვიანს" შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოლაპარაკებზე. ამ დღეებში გაირკვა, რომ ფორმალურად შეწყვეტილი მოლაპარაკებები თურმე ინდივიდუალურ რეჟიმში გრძელდებოდა ოღონდ კულუარულად. ეს დაადასტურეს „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა და არ უარყო "რვიანმა". "ნაციონალები" აცხადებენ რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პოზიციების გაცვლა-გამოცვლის პროცესი ნორმალურად გრძელდება და შედეგიანად დასრულდება". დიდია ალბათობა, რომ შედგეს დიდი გარიგება, რომელსაც საარჩევნო კომპრომისი დაერქმევა და „რვიანის" წევრებს პარლამენტში მოხვედრის გარანტიები მიეცემათ. ახლახანს გამოქვეყნებული ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ(IRI) ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, "ნაცმოძრაობა" მართლია ნდობის შემცირებული მაჩვენებლით (33%), მაგრამ ინარჩუნებს ლიდერობას. ოპოზიციურ "რვიანზე" კი გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ს სმენია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "რვიანის" განცხადებები, რომ თითქოს ყველა დიდი ქალაქი მოიარეს და ხალხს თავიანთი პოზიცია გააცნეს, მტკნარი სიცრუეა. IRI გამოკითხვით, "რვიანში" შემავალი პარტიების რეიტინგი 1-2% არ აჭარბებს. შესაბამისად, წარმატების დიდი იმედი მათ არც უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე მოტივაცია რომ დათანხმდნენ ხელისუფლებასთან გარიგებას, საკმაოდ დიდია. მითუმეტეს რომ პროდასავლური პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტის სცენარს მხარს უჭერს დასავლეთი და იგი მზად არის ამას "მწვანე შუქი" მისცეს.

აშშ-ს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს საქართველოში პრო-რუსული ძალების გამარჯვება და მათთვის "სახალხო კრებაც" და "ქართული პარტიაც" ასეთი ძალების წარმომადგენლები არიან. ამიტომაც აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის განცხადება, რომ
"პროტესტის გამომხატველ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც სიტუაციის დაძაბვას და ძალადობრივ კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ," ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა აშშ-ს მიერ ხელისუფლებისათვის დარბევავაზე კარტ-ბლანშის გაცემად აღიქვა. სხვათა შორის, ბევრს ალბათ თვალში მოხვდა, აღლუმზე ჩავლილი ჯარის ჩაცმულობა, რომელიც თითქმის ერთი-ერთზე იმეორებდა ამერიკულს. ამით ხელისუფლებას თითქოსდა კიდევ ერთხელ სურდა იმის დემონსტრირება თუ რა სწრაფად მიდის საქართველოში ვესტერნიზაცია.

უეჭველია, რომ ყოველივე მომხდარის შემდეგ საზოგადოებაში გარკვეული პერიოდით იმედგაცრუება და ნიჰილიზმი დაისადგურებს, რაც ხელისუფლებას სულის მოთქმის საშუალებას მისცემს. სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი პოლიტიკურ აპარეზზეც. ცალკეულ პოლიტიკოსებს მოუწევთ ან ხანგრძლივი პოლიტიკური არდადდეგები ან პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა მთავარი მაინც საზოგადოების პოზიციაა. გამოკითხვები აჩვენებენ რომ იზრდება საზოგადოების ის სეგმენტი, რომელიც არცერთ არსებულ პოლიტიკურ ძალას არ ენდობა, არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიმდინარე პროცესების მიმართ და ახლის მოლოდინშია. სწორედ ეს ახალი უნდა შესთავაზონ მათ ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე აპირებს გამოსვლას.

აღლუმზე საქართველოს პატრიარქის არყოფნა აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ამით მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ხელისუფლების ნამოქმედარს. საზოგადოებაში კი მართლმადიდებელი ეკლესია შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს.

ზაალ ანჯაფარიძე

 

ავტორი: . .