საქართველოს შინაგან სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"„სახალხო კრების" წერილობითი მიმართვის საფუძველზე საპროტესტო აქციების ჩატარება თბილისის მერიის მიერ სანქცირბული იყო 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 25 მაისს მომიტინგეებმა გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 26 მაისს უნდა გაიმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ვინაიდან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი 25 მაისის შემდეგ დაშლას არ აპირებდნენ, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თბილისის მერიამ ორგანიზატორებს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით, სანქციის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, მერიის წარმომადგენელმა მომიტინგეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში იგი არასანქცირებულ ხასიათს მიიღებდა და მათ მშვიდობიანი დაშლისკენ მოუწოდა. 00:10 საათზე, მას შემდეგ, რაც „სახალხო კრების" აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა, პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლეს. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე" - აღნიშნულია განცხადებაში.