საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილი აღლუმის გენერალური რეპეტიცია დღეს გაიმართება. მასში, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად, საბრძოლო ტექნიკა და ავიაცია მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულის გამო, დღეს 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე, ასევე ლესელიძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, პარლამენტის შენობის წინ სცენის მონტაჟი დასრულდა.
26 მაისს აღლუმს საქართველოს უმაღლესი სარდალი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
აღლუმზე მარშით ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველა დანაყოფი ჩაივლის. მაში მონაწილეობას საჰაერო ძალებიც მიიღებენ. წლევანდელ აღლუმზე პირველი ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორიც" გამოჩნდება. ასევე, დაგეგმილია "სუხიშვილების" მოცეკვავეების გამოსვლა, რომლებიც სამხედრო ფორმებში ცეკვა "ხორუმს" შეასრულებენ.
აღმაშენებლის გამზირზე კი კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება, სადაც კიდევ ერთი სცენა დამონტაჟდა.
26 მაისს ყვავილებისა და წიგნის ფესტივალიც გაიმართება.